English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილითეიმურაზ გოგოხია
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება - მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში საუბარია მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, არსსა და პრინციპებზე. შესწავლილია საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები, პროგრამები, კანონები, სტრატეგიები და წესდებები, რომელსაც ახორციელებენ თანამეგობრობის ქვეყნები და ადგილობრივი ინსტიტუტები. საუბარია ამ ქმედებებით მიღებულ და მოსალოდნელ შედეგებზე. გამოთქმულია მოსაზრება ამ მიმართულებით ქვეყანაში გასატარებელ სამუშაოებზე. უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს ეკოგანათლებას; ფინანსური წვდომის გაუმჯობესებას; ეკობიზნესის ხელშეწყობას მასში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის გაძლიერების კუთხით; ეკო-მარკის მინიჭების პრაქტიკის დანერგვას. 

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა, პროგრამა, სტრატეგია, მხარდაჭერა, ასოცირების შესახებ შეთანხმება.

შესავალი

მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.
გარემოსდაცვითი პრობლემები არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რიგი წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი პრობლმის დაძლევის ძირითად მექანიზმსად აღიარებულია „მწვანე ეკონომკა“ და „მწვანე ზრდა“.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დიდ დახმარებას გვიწევს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება. ასოცირების შესახებ შეთანხმება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას, გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს, ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად, არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისათვის, რაც საბოლოოდ აყალიბებს მწვანე ეკონომიკას. ამდენად, საქართველოში მწვანე ეკონომიკის მხარდასაჭერის საკითხები ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
კვლევისას მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები, პროგრამები, კანონები, სტრატეგიები და წესდებები რომელსაც ახორციელებენ ევროკავშირი/თანამეგობრობის ქვეყნები და ადგილობრივი ინსტიტუტები. უნდა აღინიშნოს, რომ შეინიშნება მეცნიერული და მინოგრაფიული ხასიათის შრომების სიმწირე მწვანე ეკონომიკაზე.
გატარებული მხარდამჭერი ღონისძიებებით სასურველი შედეგი არ არის მიღწეული. სხვა უამრავ გამოწვევასთან ერთად, განაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს: ეკოგანათლებას; ფინანსური წვდომის გაუმჯობესებას; ეკობიზნესის ხელშეწყობას მასში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის გაძლიერების კუთხით; ეკო-მარკის მინიჭების პრაქტიკის დანერგვა.

* * *

ბუნებაზე მთელი რიგი მიმართულებით ზემოქმედებამ, კერძოდ ომებმა, ქიმიის განვითარებამ და მისმა გამოყენებამ, ბუნებრივ ეკოკლიმატზე ხელოვნურმა ჩარევამ, ტრანსპორტის სიმრავლემ, ადამიანის მხრიდან ბუნების მუდმივმა დაუნდობლობამ, საწაარმოო ნარჩენებმა და ა.შ., გამოიწვია გარემოს დაბინძურება იმ დონემდე, რომ ეკონომიკურ ლიტერატურაში ჩნდება მოსაზრება – „გარემოს დაბინძურებით კაცობ- რიობას გადაშენება ემუქრება“. მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური საშიშროებების წინაშე აღმოჩნდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან,
სწორედ აღნიშნულმა პრობლემამ (გარემოს დაბინძურებამ) გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღის წესრიგში დააყენა „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების საკითხი. მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. მართალია, თანამედროვე სახით მწვანე პოლიტიკას საფუძველი ჩაეყარა 60-იან წლებში,მაგრამ ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მისი ფესვები უფრო ღრმადაა. მათი აზრით, მწვანე პოლიტიკის ფესვები უნდა ვეძებოთ XIX საუკუნის დასასრულს. მწვანე პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძვლების კიდევ უფრო ადრეულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ, დიდი ბრიტანეთი, სადაც ჰაერის და წყლის დაბინძურების კანონები XIII საუკუნიდან მოქმედებს. ძველინდური ლიტერატურის ძეგლი - მანუსმრტი - მანუს კანონთა კრებული, ხაზს უსვამს, რომ არავინ უნდა მოკლას ცხოველები და გაანადგუროს მცენარეული სამყარო, აუცილებელია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და ეკოსისტემების შენარჩუნება.
დღეს მწვანე ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია ეკოლოგიურ ეკონომიკასთან, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიღწევას. შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს [4].
მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესია, არამედ საზოგადოება.
მწვანე ეკონომიკის თეორია სამ ძირითად აქსიომას ემყარება:
● შეუძლებელია გავლენის სფეროების უსაზღვრო გაფართოება შეზღუდულ სივრცეში;
● შეუძლებელია მუდმივად მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განსაზღვრული რაოდენობის რესურსების არსებობის პირობებში;
● ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს, მჭიდრო ურთიერთკავშირშია.
მწვანე ეკონომიკის პრინციპებია:
● სამართლიანობა და ობიექტურობა როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ისე თაობათა შორის;
● მდგრადი განვითარების პრინციპებთან თანხვედრა;
● პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მიმართ;
● ბუნებრივი და სოციალური კაპიტალის შეფასება, მაგ., საგარეო ხარჯების ინტერნაციონალიზაცია;
● რესურსების მდგრადი და ეფექტური გამოყენება, მოხმარება და წარმოება;
● „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა, კონკურენტ- უნარიანობის ამაღლება და ზრდა [2].
მწვანე ეკონომიკის ძირითადი სექტორებია:
1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის, ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);
4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
5. ნარჩენების მართვა (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი, მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება) [5].
თითოეულ სექტორში გატარებული სწორი ქმედებები ბუნებრივია განაპირობებს მწვანე ზრდას და აისახება ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე.

* * *

საკითხის შესწავლიდან ჩანს, რომ „მწვანე ზრდისა“ და მწვანე ეკონომიკის ფორმირებისას არსებით როლს თამაშობს გარემოს გაძლიერებული დაცვა, ამ უკანასკნელის ძირითადი სტრატეგიაა, მოხდეს ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღება და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის.

მწვანე ზრდის და მწვანე ეკონომიკის ფორმირება-განვითარების ხელშემწყობ მექანიზმს, ქვეყანაში ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა (2017-2021). წინამორბედი ეროვნული პროგრამებისაგან განსხვავებით (გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი (2000) და მეორე (2012-2016) ეროვნული პროგრამა), იგი ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებს. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადების ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს კანონში „გარემოს დაცვის შესახებ“ (1997).
გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა შემუშავდა შემდეგი სამი ძირითადი პოლიტიკური ტენდენციის გათვალისწინებით:
● „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“;
● „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები“ და ის გარემოსდაცვითი საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთა მხარესაც საქართველო წარმოადგენს;
● გარემოს დაცვასთან და ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული ეროვნული და დარგობრივი სტრატეგიები (საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021) [7].
“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაში“ ყურადღება გამახვილებულია მდგრად განვითარებასა და მწვანე ეკონომიკაზე. კერძოდ, შეთანხმების 301-ე მუხლში აღნიშნულია, რომ „მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის საკითხებზე, რითაც წვლილს შეიტანენ მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების განხორციელებაში. გარემოს გაძლიერებული დაცვა სარგებელს მოუტანს საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდის გზით, ასევე, თანამედროვე, სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს წარმოების უფრო მდგრადი მოდელების ჩამოყალიბებას“.
ამასთან, მწვანე ზრდა და მწვანე ეკონომიკა გაეროს მიერ აღიარებულია მდგრადი განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორებად. 2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ (მდგრადი განვითარების მიზნები). წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას, რომელმაც ჩაანაცვლა „ათასწლეულის განვითარების მიზნები“ [6].
მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების მიზნები არის უპრეცედენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ წევრ ქვეყნებს შორის.
მწვანე ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებისა და გატარების საქმეში ეროვნულ დონეზე, მთავრობასთან ერთად, წამყვანს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. მხარს უჭერენ სხვა სამინისტროებიც და სახელმწიფო უწყებებიც, მათ შორის, ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქსტატი და სხვ.
მწვანე ზრდისა და მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერაში მუნიციპალიტეტებიც გარკვეულ როლს ასრულებენ. “გამწვანების” დღის წესრიგისა და რეფორმების თვალსაზრისით თბილისი ყველაზე პროგრესულია; თუმცა, რამდენიმე საშუალო ზომის ქალაქმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა და განახორციელა სხვადასხვა ღონისძიებები. „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მუშაობა მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმებზე. ამ შეთანხმებით მზად არიან 2030 წლისთვის ნახშირბადის გაფრქვევები სულ მცირე 30%-ით შეამცირონ [7 ].
2015 წლის აპრილში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (სამინისტრო/გბრდს), ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან თანამშრომლობით შეიმუშავა საგზაო რუკები გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ნაწილში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით. აღნიშნული საგზაო რუკები დაეხმარება სამინისტროს, განახორციელოს სამართლებრივი დაახლოების, პოლიტიკის შემუშავებისა და მსგავსი ქმედებები, ასოცირების შეთანხმების და მისი დანართების, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების სფეროში. აუცილებელია საგზაო რუკების რეგულარული გადახედვა და განახლება მიღწეული პროგრესის შესაბამისად. საგზაო რუკები პირველად განახლდა 2016 წლის ივნისში სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ასოცირების შეთანხმების სტრუქტურის შესაბამისად, შეიქმნა ცხრა საგზაო რუკა ქვემოთ მოცემულ სფეროებში: 1) გარემოსდაცვითი მმართველობა; 2) ჰაერის ხარისხი; 3) წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა (მოიცავს საზღვაო გარემოს და არ მოიცავს სასმელ წყალს); 4) ნარჩენების მართვა; 5) ბუნების დაცვა (მოიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო), სახეობებს (ვაჭრობა და თევზჭერის პოლიტიკა); 6) სამრეწველო დაბინძურება და საფრთხეები; 7) ქიმიური ნივთიერებების მართვა; 8) კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები (რაც მოიცავს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ქმედებებსაც); 9) სატყეო სექტორი [25].
საქართველოში მწვანე ზრდის და მწვანე ეკონომიკის განვითარების საფუძვლების შექმნას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მათი მხარდაჭერით სრულდება სხვადასხვა პროგრამები. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UN Environment) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე პლატფორმის - „ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში საქართველოში ხორციელდება პროგრამა ,,მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (EaP GREEN) ხუთ სხვა ქვეყანასთან ერთად. პროგრამის მიზანია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, კერძოდ ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც გამორიცხავს გარემოს დეგრადაციას და ბუნებრივი რესურსების ამოწურვას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტრუმენტების რეფორმას, ახალი ანალიტიკური საშუალებების დანერგვას, დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, შესაძლებლობების გაძლიერებასა და კერძო სექტორში საპილოტე პროექტების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) საქართველოში განახორციელა „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების“ სადემონსტრაციო პროექტი (RECP), რომლის მიზანიც იყო კერძო კომპანიებში რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება და ამ გზით მდგრადი სამრეწველო განვითარების და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა. პროექტში ჩართული იყო მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების“ კლუბები. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროექტმა - „მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში გარემოსათვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა" -შეისწავლა ძირითადი პირობები და შესაძლებლობები, რომელებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში გარემოს დაცვის ეფექტიანობის ამაღლებას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე მდგრადი წარმოებისა და მწვანე ბაზრების მნიშვნელობის ზრდის ფონზე მთავრობასა და ბიზნესს, ასევე ბიზნესს და ბიზნესს შორის დიალოგს [8].
RECP პროექტმა ქართულ სამრეწველო საწარმოებში იმ პრაქტიკული გზების დემონსტრირება მოახდინა, რომლებიც აუმჯობესებს წარმოებაში რესურსების გამოყენების პროდუქტიულობას, ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და მოაქვს ეკონომიკური სარგებელი.
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ფართო დანერგვის მიზნით პროექტმა ხელი შეუწყო ინდივიდუალური და ინსტიტუციური შესაძლებელობების განვითარებას, რესურსეფექტური ტექნოლოგიების გადაცემას და შესაბამისი ინვესტიციების მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო საწარმოებისათვის მწვანე და კონკურენტუნარიანი წარმოების მისაღწევად [9].
ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს ფართომასშტაბიან პროგრამებს გარემოს, მწვანე ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სფეროებში გამოწვევების გადასაჭრელად საქართველოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა აერთიანებს მეზობელი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს ისეთი საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ზღვის ნაგავი. ცხადია, ამ გამოწვევის კომპლექსური გადაჭრა შავი ზღვის აუზის თითოეული ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ და განმახორციელებელ ორგანიზაციასთან, რომელთა მხარდაჭერითაც ამჟამად მიმდინარეობს 60-ზე მეტი პროექტი შემდეგი მიმართულებებით: ატმოსფერული ჰაერის დაცვა; წყლის რესურსების მართვა; მიწის რესურსების მართვა; ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები; ბიომრავალფეროვნების დაცვა; კლიმატის ცვლილება; ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეები; ტყის რესურსების მართვა; დაცული ტერიტორიები; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება; გარემოსდაცვითი მმართველობა; მწვანე ეკონომიკა; ურთიერთგადამკვეთი საკითხები. მარტო 2016 წელს საერთაშორისო წყაროების ფინანსური მხარდაჭერით 29 ახალი პროექტი დაიწყო.
რაც შეეხება ენერგეტიკას, 2017 წლის 1 ივლისს საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი გახდა. ასოცირების შესაბამისი ოქმით განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით შეთანხმებული ენერგობაზრის მთავარი რეფორმების განხორციელების განრიგი, მათ შორის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ბაზრების, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის და ენერგეტიკასთან დაკავშირებული გარემოს სფეროების რეფორმები. ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს 2018 წლის სექტემბრის შეფასებით, საქართველოს მიერ ენერგორესურსებთან დაკავშირებული კანონების (acquis) შესრულების საერთო დონე 23%-ს შეადგენს. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, რომელიც საქართველოში გამავალი ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის ნაწილია, დასრულდა. ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობლებს, რათა შეიქმნას ინტეგრირებული საერთო ევროპული ენერგეტიკული ბაზარი [24].
კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ საქართველო ნახშირბადის გლობალური გამონაბოლქვის შეზღუდვის მოთხოვნის ფარგლებში მიზნად ისახავს ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვის ოდენობის შემცირებას.
2016 წლის 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) – „გარემო ევროპისათვის“ რიგით მე-8 მინისტერიალი. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში 56 ქვეყნიდან დაახლოებით 600-მდე დელეგატი ჩამოვიდა. მინისტერიალმა იმუშავა შემდეგ ძირითად თემებზე: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ [10].
საქართველოს მთავრობამ გარკვეული პრიორიტეტული სტრატეგიები და ქმედებები დასახა „მწვანე პრაქტიკის“ წახალისებისთვის, დაიგეგმა მეწარმეთათვის შესაბამისი ტრენინგპროგრამისა და კონსულტაციების შემუშავება. გგარდა ამისა, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანების განსაზღვრისას საგანგებოდ აღინიშნა „მწვანე ეკონომიკის წახალისებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება~ 3 საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში (სამოქმედო გეგმაში) აღნიშნულია, რომ:
• საქართველოს მთავრობის მიზანია იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას;
• სახელმწიფო წაახალისებს გარემოსდაცვითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას;
• ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მთავრობა წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე, განსაკუთრებით ეს შეეხება გარემოსდაცვითი და რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებს, რაც წაახალისებს „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას;
ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კორპორაციის (GIZ) მიერ მომზადდა მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი.
ამასთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში საქართველო მიუერთდა „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, რომლის შესაბამისად ქვეყნები აცხადებენ, რომ გააძლიერებენ მწვანე ზრდის სტრატეგიებზე მუშაობის ძალისხმევას იმის გათვალისწინებით, რომ მათში ერთდროულად იყოს გათვალისწინებული „მწვანე“ და „ზრდა“, ასევე ხელს შეუწყობენ მწვანე ინვესტირებას.
საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (მსმ) განვითარების სტრატეგია 2016-2020 ერთ-ერთ უპირატეს ქმედებად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების “მწვანე ეკონომიკაში ჩართვას”, მსმ-ს განვითარების სამოქმედო გეგმაში (2016-2020) გაწერილია ქმედებები: RECP ტრენინგპროგრამების შემუშავება მწვანე ტექნოლოგიების შემდგომი დანერგვისათვის; კონსულტაციები და ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე; კურსები მენეჯმენტი გარემოს დაცვით სფეროში (ნარჩენების მართვა მსმ-ს) 2015 წლამდე, კერძოდ ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამდე საქართველოში არ არსებობდა ნარჩენების მართვის სათანადო სისტემის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი. ნარჩენების მართვის კოდექსი ამკვიდრებს პრინციპების/მოთხოვნების რიგს და აკისრებს ვალდებულებებს როგორც ნარჩენების წარმომქმნელებს, ასევე ნარჩენების მართვის ობიექტების ოპერატორებს. ზოგიერთი მოთხოვნა უკვე ძალაშია, დანარჩენი მოთხოვნები ეტაპობრივად ამოქმედდება, კოდექსში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ნარჩენების მართვის კოდექსი სანქციებს ითვალისწინებს, კერძოდ 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ჯარიმდება 80 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან – ჯარიმდება 100 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, დამრღვევი ჯარიმდება – 120 ლარის ოდენობით. ამასთან, 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება ჯარიმდება 150 ლარით, 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება 500 ლარით ჯარიმდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის 100 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის 150 ლარი, იურიდიული პირისთვის 500 ლარი. გარდა ამისა, კანონით, 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1500 ლარით. მიუხედავად ამისა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წელს კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიების შესრულებას და თანამედროვე სტანდარტებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვას.
2019 წელს ევროკავშირის მხრიდან მწვანე ეკონომიკის განვითარების მექანიზმების გაძლიერების მხარდასაჭერად უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამები იწყება.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში აფინანსებს ახალ მრავალეროვან პროგრამას EU4Environment (ევროკავშირი გარემოსთვის), რომლის განხორციელება საქართველოში დაიწყო 2019 წლის აპრილის თვეში. პროგრამის EU4Environment მიზანია, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ, შეინარჩუნონ და უკეთ გამოიყენონ თავიანთი ბუნებრივი კაპიტალი, გაზარდონ მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობა და გამოიყენონ განვითარების კუთხით წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, საწარმოები (კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ზომის) შემდგომი სახის დახმარებას მიიღებენ ენერგიის, წყლის და მასალების დაზოგვის კუთხით: წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები გარემოსდაცვით მმართველობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გასწევენ, ეს კონსულტაციები ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიანად გამოყენება თუ ადმინისტრაციული შესაძლებლობების შექმნა. ადგილობრივ თემებთან ერთად მოხდება ტყეების ეკოლოგიურად უფრო სუფთად მართვის კუთხით არსებული შესაძლებლობების შესწავლა და განხორციელება.
პროგრამა EU4Environment გააგრძელებს თანამშრომლობას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც უკვე ხორციელდება, ესენია: „აღმოსავლეთ სამეზობლოში ეკონომიკის გამწვანება“ (EaP GREEN), “სატყეო კანონმდებლობის აღსრულება და მართვა“ (FLEG) და „ზურმუხტისფერი ქსელი“ (The Emerald Network).
ეს ახალი პროგრამა მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას, მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართული ღონისძიებების გასაუმჯობესებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნისთვის ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გამოიყოფა. EU4Environment 2019-2022 წლებში განხორციელდება ხუთი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკის გამწვანების კუთხით წამყვან როლს ასრულებენ, ესენია: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), გაეროს გარემოს პროგრამა (UN Environment), ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისია (UNECE) და მსოფლიო ბანკი [საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამწვანება: საქართველოში პროგრამის სახელად EU4Environment („ევროკავშირი გარემოსთვის“) განხორციელება იწყება [11].
საკითხის შესწავლიდან ჩანს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით.
ევროკავშირის და ადგილობრივი ინსტიტუტების მიერ გაწეული სამუშაოების შედეგია ის, რომ BioFach 2019 გამოფენის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს საერთაშორისო მყიდველებისგან. გამოფენა წარმოადგენს ორგანული პროდუქციის მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას ნურემბერგში (გერმანიაში). მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის - „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ - პროექტის ბენეფიციარები არიან. მოცემული პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის მცირე და საშუალო საწარმოების მიერ მსოფლიო ბაზრებთან კავშირების დამყარების ხელშეწყობა.
BioFach ორგანული პროდუქციის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრობაა. მასზე თავს იყრის 3200-ზე მეტი მონაწილე და დაახლოებით 50 000 კომერციული ვიზიტორი 130 ქვეყნიდან. გამოფენა წარმოადგენს დარგის მომწოდებლებისა და საკვანძო სპეციალისტების შეხვედრის ადგილს. გამოფენაში მონაწილეობის წყალობით, ქართულმა კომპანიებმა ახალი კომერციული შესაძლებლობები და პარტნიორები მოიძიეს. BioFach გამოფენაზე საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის მიერ მხარდაჭერილი დელეგაციის წევრმა მწარმოებლებმა საქართველოდან წარმოადგინეს სხვადასხვა ორგანული პროდუქცია, მათ შორის სანელებლები, წვენები და ჩაი. ბიზნეს¬შეხვედრე¬ბის დროს ქართულმა კომპანიებმა 60-ზე მეტი ახალი ბიზნეს კონტაქტი დაამყარეს წამყვან კომპანიებთან ევროკავშირიდან, კანადიდან და ტაივანიდან და მიიღეს ორგანული პროდუქციის შეკვეთები 15 მყიდველისგან. ბროწეულის წვენი და მცენარეული ჩაი იმ პროდუქტებს შორის იყო, რომლებმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია [12].
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ ბიზნესპროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებულ, ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OECD) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წელს 16396 საწარმოზე ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით სურათი ასეთია: საწარმოთა 83,1% საერთოდ არ აწარმოებს და, შესაბამისად, არ სთავაზობს მომხმარებელს მწვანე პროდუქციას/მწვანე მომსახურებას და არც სამომავლოდ გეგმავს საქმიანობის ამ მიმართულებით წარმართვას. საწარმოთა 7,7% მომხმარებელს სთავაზობს მწვანე პროდუქციას/მწვანე მომსახურებას, მაგრამ მათ შორის არც ერთს არ აქვს მინიჭებული ეკომარკა. საწარმოების 7,3% აპირებს, მომდევნო 2 წლის განმავლობაში აწარმოოს მწვანე პროდუქცია. საგულისხმოა, რომ გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 1,9% სთავაზობს მომხმარებელს ისეთ მწვანე პროდუქციასა და მომსახურებას, რომლებსაც მინიჭებული აქვს ეკომარკა. მნიშვნელოვანია, რომ მწვანე მეურნეობის განვითარებისთვის ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები ფინანსური სტიმულირება და ფინანსურ რესურსებზე უკეთესი წვდომა შესაბამისად უდრის 28,8 და 25,6 % -ს.
OECD-ის ეგიდით 2016 წელსაც ჩატარდა მსგავსი ტიპის გამოკვლევა, რომელმაც შეისწავლა ქვეყანაში მსს-ის პოლიტიკის ინდექსი. კვლევის შედეგმა აჩვენა რომ, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, `მწვანე ბიზნესის სტიმულირების მარეგულირებელი და ფინანსური ინიციატივების მწვავე ნაკლებობაა” [18].

დასკვნა

საკითხის შესწავლიდან ჩანს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, აქ გაწერილი ქმედებების შესრულება ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ფორმირება-განვითარების სრულ შესაძლებლობას იძლევა. ამავე დროს ჩანს, რომ დღემდე ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებებით სასურველი შედეგი არ არის მიღწეული. განაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს: ეკოგანათლებას; ფინანსური წვდომის გაუმჯობესებას; ეკობიზნესის ხელშეწყობას მასში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის გაძლიერების კუთხით; ეკომარკის მინიჭების პრაქტიკის დანერგვა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ-სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის http://mfa.gov.ge/ Association-Agreement.aspx
2. მაია ბლიაძე, მწვანე ეკონომიკა, 12 სექტემბერი, 2018 http://mastsavlebeli.ge/?p=19149
3. Tbilisi, 16/05/2019 - 08:47, UNIQUE ID: 190516_7 https://eeas.europa.eu/delegations/georgia/62488/98_ka Press releases
4. მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა http://greenalt.org/wp-content/ uploads/2013/12/ mwvane_politika_da_garemos_dacva.pdf
5. მარიამ ბერძენიშვილი, მწვანე ეკონომიკა. http://eiec.gov.ge/%E1aspx http://eiec.gov.ge/Home.aspx
6. იხ. ვრცლად ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისათვის: http://www.ungeorgia.ge/geo/sutainable_development_goals#.XOUnlCAzb4Y
7. moe.gov.ge/res/images/file-manager /strategiuli... /strategiebi... /2017-2021 pdf
8. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ თბ., 2017 http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021.pdf
9. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ww.recp.ge; EaP GREEN პროგრამის ვებგვერდი www.green-economies-eap.org
10. ბათუმი მე-8 საერთაშორისო გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს http://www.adjara. gov.ge/branches/description.aspx?gtid=375882&gid=10#.XOZOStIzb4Y
11. საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამწვანება: საქართველოში პროგრამის სახელად EU4Environment („ევროკავშირი გარემოსთვის“) განხორციელება იწყება https://eeas.europa.eu/delegations/georgia/61374/საქართველოს-ე
12. ქართული ორგანული სურსათის მწარმოებლები მსოფლიო ასპარეზზე გადიან BioFach 2019 გამოფენის ფარგლებში http://www.eu4business.eu/ka/news/kartuli-organuli-sursatis-mcarmoeblebi-msoplio-asparezze-gadian-biofach-2019-gamopenis
13. http://recp.ge/wp-content/uploads/2018/01/Green-economy-newsletter-GE-1.pdf
14. საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსი 26 დეკემბერი, 2014
15. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 და და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა.
16. ირმა ქავთარაძე - „მწვანე ზრდა“ ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს სტაბილურობას ერთდროულად გულისხმობს 28-03-2018.
http://www.economy.ge/?page=news&nw=654&s=irma-qavtaradze-mwvane-zrda-ekonomikur-ganvitarebasa-da-garemos-stabilurobas-ertdroulad-gulisxmobs
17. 2018 წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა 18.01.2019 https://1tv.ge/news/2018-wels-narchenebis-martvis-kodeqsis-darghvevis-566-faqti-gamovlinda/
18. თამარ ასათიანი, მწვანე მეურნეობის პროექტების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტირების ფარგლებში; საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, 2017.
19. “დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად”, 2016. n პოლიტიკა — 2016/06/08 http://www.ttimes.ge/archives/64467
20. საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2017 საქ. სტატ.
21. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, 2016 წლის ანგარიში.
22. ევროკომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტი ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ, ბრიუსელი, 31.01. 2019.
23. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა.
24. https://www.energy-community.org/
25. http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro informacia/roadmapsforEUapproximationGEO.pdf